კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ჯო ბაიდენს მიმართავს და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებულ ზედამხედველობის პროცედურებზე ინფორმაციას ითხოვს
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ჯო ბაიდენს მიმართავს და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებულ ზედამხედველობის პროცედურებზე ინფორმაციას ითხოვს

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილს უგზავნის, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სხვადასხვა სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ეჭვი ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე.

კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს.

„უკრაინის ომში ამერიკის ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ამერიკელი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ვართ, ისევე, როგორც უკრაინელ ხალხს სასწრაფოდ სჭირდება უსაფრთხოების დახმარების გაზრდა და სისწრაფე, რასაც სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაცია პრიორიტეტად არ მიიჩნევს“, – ნათქვამია წერილში.

წერილში კონგრესმენი სპარცი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ერმაკმა თავის მოადგილედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ოლეგ ტატაროვი დანიშნა. მისივე ინფორმაციით, ტატაროვი კი, უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნას აჭიანურებს, რაც წერილის თანახმად, პრეზიდენტ ბაიდენისთვის კარგადაა ცნობილი. წერილში აღნიშნულია, რომ ტატაროვი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების ქვეშ იყო 2020 წელს, თანამდებობაზე დანიშვნამდე, მოგვიანებით კი, მისი საქმე სავარაუდოდ გადაეცა რიგით პროკურორს და დაიხურა.​ წერილის თანახმად, ტატაროვი ასევე იყო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დროს და დევნიდა ევრომაიდანის მონაწილეებს.

„ვინაიდან პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენს ქვეყანასთან და დასავლეთთან იმისთვის, რომ ალიანსები დაამყაროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაწოდოთ მას ინფორმაცია, მის გარემოცვაში მყოფ მნიშვნელოვან ადამიანებთან დაკავშირებით, თუ გვაქვს წუხილი. ეს ჩვენი ვალდებულებაა მამაცი უკრაინელი ხალხის და სამხედროების წინაშე, რომლებიც ამ ბრძოლაში თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან“, – ნათქვამია კონგრესმენის წერილში.