კონგრესმენი გერი კონოლი - კონგრესის მიერ მიღებული აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას გამოხატავს
კონგრესმენი გერი კონოლი - კონგრესის მიერ მიღებული აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას გამოხატავს

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ორ ქვეყანას შორის მხარდაჭერასა და პარტნიორობას გამოხატავს, – ამის შესახებ კონგრესმენმა გერი კონოლმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სურს, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ჩაიდინა.

„მქონდა პრივილეგია, ჩემს მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაავტორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მხარი დაეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ძლიერი დემოკრატიისთვის, რომელიც ახლახან ვიზეიმეთ არჩევნებზე.

ღრმად ვართ შეშფოთებულები რუსეთის ქცევითა და განზრახვებით. გვსურს, გავაძლიეროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ჩაიდინა. ეს აქტი იყო ორ ქვეყანას შორის მხარდაჭერისა და პარტნიორობის ძლიერი გამოხატვა. ძალიან ამაყი ვარ წარმომადგენლობითი პალატით“, – განაცხადა გერი კონოლმა.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.