კონგრესმენი ბრენდან ბოილი - ბევრი ამერიკელი ქართველი ფილადელფიას საკუთარ სახლს უწოდებს, მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ მათ კონგრესში
კონგრესმენი ბრენდან ბოილი - ბევრი ამერიკელი ქართველი ფილადელფიას საკუთარ სახლს უწოდებს, მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ მათ კონგრესში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ბრენდან ბოილი.

„ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას საკუთარ სახლს უწოდებს და მათ უზარმაზარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქალაქის ყველა სფეროში ხელოვნებიდან მეცნიერებამდე და მეწარმეობამდე. მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ მათ კონგრესში და სწორედ ამიტომ მე მხარი დავუჭირე საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გუშინ დაამტკიცა აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის დასადასტურებლად და გასაძლიერებლად. ამ აქტის მიღება აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი“, – ნათქვამია დემოკრატი კონგრესმენის, ბრენდან ბოილის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებს.

ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ბოილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ეხმარება აშშ-საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორობის გაძლიერებაში. მისი თქმით, ეს პარტნიორობა აშშ-ისთვის სტრატეგიულია, რადგან საქართველო მსოფლიოს უკიდურესად მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობს.

„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლი განაგრძობს საქართველოზე თავდასხმას დივერსიული დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმების გზით. ეს აქტი უზრუნველყოფს საქართველოს დახმარებას, რათა ებრძოლოს ამ საფრთხეებს და მხარს უჭერს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ამერიკელი კანონმდებლის თქმით, ის მოხარულია, რომ აქტი აღიარებს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მისწრაფებებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.