კონგრესმენი ადამ კინზინგერი - აშშ-ის დიდი მეგობარი, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველო მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას
კონგრესმენი ადამ კინზინგერი - აშშ-ის დიდი მეგობარი, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველო მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე – „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“. მოსმენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, „ლეხ ვალენსას ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ლეხ ვალენსა.

მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი, ილინოისის შტატი), შესავალ სიტყვაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

„იმისათვის, რათა ვისაუბროთ ნატო-ს ალიანსში შემავალი ქვეყნების მმართველობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ქვეყნებისთვის გაცემული დანაპირები, რომ მათ მიერ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, ნატო-ში გავაწევრიანებთ. ახლახან დავბრუნდი საქართველოდან, სადაც ერთი კვირა ვიყავი. გასაოცარი იყო, როცა ვნახე ოკუპაციის პირობებში მყოფი მეგობარი – აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას, მათ შორის მიმდინარე ბორდერიზაციასთან და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გატაცებებთან გამკლავებას. საქართველო განაგრძობს განამტკიცოს სასამართლო სისტემა, მედია, მმართველობა, რათა მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლის შედეგადაც აღსრულდება ნატო-ს მიერ საქართველოსადმი გაცემული დანაპირები. თუმცა, ნატო-ში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც შიშობს არ გააღიზიანოს რუსეთი. სასაცილოდაც კი არ მყოფნის იმის გააზრება, თითქოს ნატო-ს ალიანსს ეშინია იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ალიანსის საერთო ეკონომიკის 1/30-ედს წარმოადგენს“, – განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას კინზინგერმა.