კონგრესმენები თეთრ სახლს მოუწოდებენ, ნავალნის მოწამვლის შემთხვევა დეტალურად გამოიძიოს და შედეგები 60 დღეში წარადგინოს
კონგრესმენები თეთრ სახლს მოუწოდებენ, ნავალნის მოწამვლის შემთხვევა დეტალურად გამოიძიოს და შედეგები 60 დღეში წარადგინოს

აშშ-ის კონგრესში თეთრ სახლს მოუწოდეს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დააწესოს. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია „რუსი ოპოზიციონერის ცალსახად მიზანმიმართული მოწამვლის ფაქტი“.

დოკუმენტი კონგრესში გამართული დებატების შემდეგ მიიღეს, რაც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. რეზოლუციაში კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სტივენ მნუჩინს, ისარგებლონ „მაგნიტსკის აქტით“ მინიჭებული უფლებამოსილებით და სანქციები დაუწესონ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში გარეულ პირებს.

კონგრესმენები ითხოვენ, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ანგარიშები დაუყადაღონ და აშშ-ში ჩასვლა აუკრძალონ. კონგრესმენები მოუწოდებენ თეთრ სახლს, ნავალნის მოწამვლის შემთხვევა დეტალურად გამოიძიოს და შედეგები 60 დღეში წარადგინოს კაპიტოლიუმში.

რეზოლუციის ავტორები ასევე მხარს უჭერენ ნავალნის მოწამვლის საერთაშორისო გამოძიებას და რუსეთის მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში დაბრუნებისას, თვითმფრინავში გახდა შეუძლოდ. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ კი ახლობლების მოთხოვნით, კომაში მყოფი ოპოზიციონერი გერმანიაში ჩაიყვანეს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამლეს. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ შვედი და ფრანგი სპეციალისტებიც. მოსკოვში ოპოზიციონერზე თავდასხმის საქმესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.

15 ოქტომბერს ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ანდრეი იარინი, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი და სხვები. ანალოგიური სანქციები დააწესა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც.