კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, მოკლულია გადატრიალების მცდელობის ლიდერი, დაკავებულია 50 ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის სამი მოქალაქე
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც გადატრიალების მცდელობის ლიდერი კრისტიან მალაგა მოკლეს, ხოლო 50 ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის სამი მოქალაქე დააკავეს.
როგორც „როიტერი“ წერს, დედაქალაქ კინშასაში ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე გაისმა სროლა. შეიარაღებული პირები პრეზიდენტის შენობას დაესხნენ თავს. შემდეგი თავდასხმა კი პარლამენტის წევრის სახლთან განხორციელდა.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა პარლამენტარის დაცვის ორი წევრი და ერთი თავდამსხმელი.
გადატრიალების მცდელობის ლიდერად კრისტიან მალაგა დასახელდა. მალაგა აშშ-ში მცხოვრები კონგოელი პოლიტიკოსია. მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2017 წელსაც ჰქონდა, რა დროსაც დააკავეს ასევე ამერიკის მოქალაქეები, რომელთა შორისაც მალაგას ვაჟიც იყო.
ამერიკის მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა კონგოში აშშ-ის ელჩი. ლუსი ტამლინის თქმით, ის შეშფოთებულია აშშ-ის მოქალაქეების დაკავების ფაქტით.
„დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, რადგან ისინი იძიებენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს და პასუხისგებაში მისცემენ კრიმინალურ ქმედებებში ჩართულ აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს“, – თქვა ელჩმა.