კონგოელთა მწვრთნელი - ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათ პორტუგალიასთან ქვეყანა დიდი ღირსებით წარმოადგინეს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებების ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კომენტარები გააკეთეს. ბუნებრივია, აფრიკელები უფრო გახარებულები იყვნენ და მოპოვებულ ქულას ისტორიულად თვლიან.
იოჰან ვისა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდამსხმელი:
„ეს ჩვენზე ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი იყო. მაგრამ გამბედაობა და გამძლეობა გამოვავლინეთ. პირველი გოლის გატანა უდიდესი სიამაყის წყაროა, რადგან ის ამ გუნდის ხასიათს ასახავს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა“.
სებასტიან დესაბრე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მწვრთნელი:
„ძალიან საამაყოა ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქულის მოპოვება და პირველი გოლის გატანა. მოთამაშეებმა წარმოუდგენელი თავდადება გამოავლინეს. იდეალურად შევასრულეთ თამაშის გეგმა, ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რადგან მათ კონგო დიდი ღირსებით წარმოადგინეს და მთელი ქვეყანა ამას იმსახურებს“.
რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. ვფიქრობ, შეტევაში სიმწვავე და აგრესიულობა დავკარგეთ, ბურთის ფლობასაც კარგად ვერ ვახერხებდით. ამით მეტოქეს ძალების აღდგენის საშუალება მივეცით. მონდომების ნაკლებობაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამ მატჩიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“.