კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | „დინამო თბილისი“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | „დინამო თბილისი“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

დინამო თბილისი“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტაზე „ჰამრუნ სპარტანსს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

„დინამოს“ ტრავმების გამო თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო გაბრიელს სიგუა კარიერას შვეიცარიულ „ბაზელში“ განაგრძობს.

პირველი ტაიმი ძალიან დაბალ ტემპში წარიმართა და რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. უპირატესობას მალტელები ფლობდნენ, რომლებიც პრესინგის დახმარებით ცდილობდნენ დინამოელთა შევიწროებას.

მასპინძლები თბილისელთა იშვიათ შეტევებს იოლად უმკლავდებოდნენ. „დინამომ“ მხოლოდ ერთხელ შეძლო თამაშის გამწვავება – კუთხურის გათამაშების შემდეგ კარში ხარაიშვილმა ჩაახვია, მაგრამ ააცილა. „ჰამრუნმა“ კარგი შეტევა 42-ე წუთზე განახორციელა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმი „დინამო თბილისმა“ აქტიურად დაიწყო და რეალური საგოლე მომენტი 51-ე წუთზე შექმნა – დავით სხირტლაძემ მეკარესთან პირისპირ ბარნს ოსეი დატოვა, მაგრამ თბილისელთა ლეგიონერმა ამ შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა. ამ პასის დროს სხირტლაძე ისე დაშავდა, ზორან მარუშიჩმა შეცვალა, რომელმაც მალე ანგარიში გახსნა – სერბმა თავდამსხმელმა ანზორ მექვაბიშვილის და ჯიმი ტაბიძის განვითარებული შეტევა მე-60 წუთზე ახლოდან დარტყმით დააგვირგვინა და „დინამო“ დააწინაურა.

„ჰამრუნ სპარტანსმა“ ამის შემდეგ დიდი ძალებით შეუტია და ორი სახიფათო მომენტი შექმნა, „დინამოს“ კი 66-ე წუთზე მეორის გატანა შეეძლო – მექვაბიშვილმა მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა და კარის წინ მარუშიჩს გადააწოდა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა. საპასუხოდ 81-ე წუთზე მალტელებმა შეტევა წამოიწყეს და სახიფათო ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ჯოზეფ მბონგის გოლით დასრულდა – 1:1.

88-ე წუთზე „დინამოს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა – მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა უსმანე კამარამ ფედერიკო მარკეტის ვერ აჯობა, მალე კი მარუშიჩმა თავით ბურთი ძელს მოარტყა. სერბი 90+5-ე წუთზე კვლავ კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მიზანს ააცილა.

არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მალტელებმა მომენტით ისარგებლეს – ჯოზეფ მბონგმა გაგი მარგველაშვილს აჯობა, დუბლი შეასრულა და საბოლოოდ „ჰამრუნმა“ 2:1 მოიგო.

„დინამო თბილისი“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ საპასუხო შეხვედრას „დინამო არენაზე“ 3 აგვისტოს, 20:00 საათზე გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული კონფერენციის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფერენცვაროშისა“ (უნგრეთი) და „შემროკ როვერსის“ (ირლანდია) წყვილის გამარჯვებულს 10 და 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.


„ჰამრუნ სპარტანსი“ – „დინამო თბილისი“ 2:1


გოლი: 0:1 მარუშიჩი (60. ტაბიძის პასით). 1:1 ჯ. მბონგი (81). 2:1 ჯ. მბონგი (90+7).

„ჰამრუნ სპარტანსი“: მარკეტი, ს. ბორგი, ემერსონი, ბჟელიჩიჩი, ჯ. ბორგი, გამენზული, ელიონაი (78. ჯონი), პრსა, კრსტიჩი (46. ედერი), დურანოვიჩი (78. მონტებელო), პაინცილი.

სათადარიგოები: დებონო, ტომი – ქსერი, ნენოვი, კორბოლანი, ბილიჩი, ატარდი,

მწვრთნელი: ლუჩანო ძაური.

„დინამო თბილისი“: ლორია, მაისურაძე (68. ოსიყმაშვილი), ხვადაგიანი, ტაბიძე (69. მალი), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (69. მარგველაშვილი), ოსეი ბარნსი (87. მოისწრაფიშვილი), კამარა, სხირტლაძე (54. მარუშიჩი).

სათადარიგოები: კერესელიძე – იობაშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური, ოდიშარია.

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: ტაბიძე (13). ელიონაი (39). ედერი (59). დურანოვიჩი (67). ლორია (67). იმრანი (70). პრშა (74). მარგველაშვილი (79). ჯონი (90+2)

არბიტრი: მილოშ გიგოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა).