„იბერია“ კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „იბერიამ“ ესტონურ „ლევადიას“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ესტონელებმა 3:2 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
საქართველოს ჩემპიონი ტალინში 0:1 დამარცხდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბერიელებს განმეორებით მატჩში ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. თუმცა შეხვედრა დამატებით დროში რომ გადასულიყო, ერთბურთიანი სხვაობაც საკმარისი იყო. საბოლოოდ ასეც მოხდა.
ლევან კორღალიძის გუნდმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. „იბერია“ ტემპს ოდნავ თუ უმატებდა, ესტონურ გუნდს პრობლემებს უქმნიდა. სწორედ ასეთი გამწვავების შემდეგ გაიხსნა ანგარიში – მე-40 წუთზე გიორგი ტაბატაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გურამ გოშთელიანმა მცველებს დაასწრო და „იბერია“ წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ ესტონელებმა ანგარიში პირველივე შეტევით გაათანაბრეს. 48-ე წუთზე „ლევადიის“ ესპანელმა ლეგიონერმა, კარლოს ტორეს რამირესმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და ზუსტად დაარტყა – 1:1.
„იბერია“ ბოლო წუთებზე მთელი გუნდით უტევდა და 88-ე წუთზე მიზანსაც მიაღწია – გიორგი ტაბატაძის საჯარიმოს შემდეგ სტუმრებს თბილისელთა მცველმა, დერეკ აგიაკვამ დაასწრო და საქართველოს ჩემპიონი წინ გავიდა. ძირითადი დრო 2:1 დასრულდა და დაინიშნა ორი ექსტრატაიმი.
დამატებით დროში ერთი გოლი გავიდა, რომელიც 109-ე წუთზე რობერტს კირსმა გაიტანა – 2:2. მატჩი ასეც დასრულდა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე „ლევადია“ გავიდა.
უეფა-ს კონფერენს ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური გუნდი უელსურ „ნიუ სეინთსა“ და ლუქსემბურგულ „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.