კონფერენს ლიგა | „ტორპედომ“ „ორდაბასთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ტორპედომ“ „ორდაბასთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში შიმკენტში „ორდაბასს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქუთაისში მოგებული 4:3-ის შემდეგ პირველი ტაიმი „ტორპედოსთვის“ იდეალურად დაიწყო – მე-13 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ქუთაისელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს და ორი მატჩის ჯამში 5:3 დაწინაურდნენ.

ყაზახური კლუბი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ „ტორპედოს“ მეკარე ოთო გოშაძე საიმედოდ თამაშობდა – მე-20 წუთზე მან სულტანბეკ ასტანოვის ურთულესი დარტყმა მოიგერია და „ტორპედო“ გადაარჩინა.

ქუთაისელებისთვის მეორე ნახევარი ცუდად დაიწყო – 49-ე წუთზე საბა კვირკველიას ბულგარელმა მთავარმა მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

„ორდაბასი“ შეეცადა, რიცხვობრივი უპირატესობით ესარგებლა და დიდი ძალებით შეუტია, „ტორპედო“ კი ამ შეტევებს კარგად უმკლავდებოდა. აღსანიშნავია მეკარე ოთო გოშაძის კარგი თამაში, რომელმაც ბოლო წუთებში ქუთაისელები რამდენჯერმე გადაარჩინა.

მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ქუთაისლებემა 5:4 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „ტორპედო“ 24 ივლისს კვიპროსულ „ომონიასთან“ სტუმრად გამართავს.