კონფერენს ლიგა | „ომონიის“ მწვრთნელი - „ტორპედო“ კარგი გუნდია, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ომონიის“ მწვრთნელი - „ტორპედო“ კარგი გუნდია, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრამდე ნიქოზიის „ომონიის“ ნორვეგიელმა მწვრთნელმა, ჰენინგ ბერგმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ეს ჩვენთვის სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია, რომელსაც მოუთმენლად ველით. გვინდა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთოთ. მომზადებაში ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. შევინარჩუნეთ შემადგენლობა, რომელიც საკმაოდ ძლიერია.

მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. კმაყოფილი ვარ აეკ-თან ამხანაგური მატჩით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. ბევრი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, ვინაიდან კონფერენს ლიგამდე სათამაშო პრაქტიკა გვჭირდებოდა.

ვიცით, რომ „ტორპედო“ კარგი გუნდია და მიზნის მისაღწევად ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. იდეალური იქნება, რომ მთელი გუნდი სეზონის დაწყებისთვის მზად იყოს, მაგრამ ჩვენ კიდევ ვეძებთ სასურველ მოთამაშეებს. თუმცა ახლაც კარგი და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს“.

24 ივლისს ქუთაისში, მერიის ორგანიზებით, ასსაფეხურიან კიბესთან გულშემატკივრებისთვის „ომონიისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრის ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გაიმართება.