კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლის დაცვის რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული გახსნა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლის დაცვის რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული გახსნა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, მომხმარებლის დაცვის რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ის მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა პროექტების მიმოხილვა კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, საქართველოს ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პროექტით დაიწყო და ხაზი გაუსვა, რომ კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (AA Facility II) პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად კი ისახავდა კონკურენციის გაუმჯობესებასა და ქართველი მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

„კვლევის ფარგლებში შეფასდა როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზრებზე არსებული გარემო, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. კვლევამ აჩვენა, რომ ტელეკომ ბაზარი განიცდის გარკვეულ სტაგნაციას და საჭიროებს წინასწარ რეგულაციას. აღნიშნულ ბაზრებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, რომელსაც კომისიამ სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა და დამატებითი მექანიზმები შექმნა კონკურენციის გაზრდის მიზნით“, – აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.

ამასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიის წევრმა კომისიის მიერ 5G ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონებსა და მის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ ჩაატარა. გამოცხადებული აუქციონებიდან 7-ში გამარჯვებულად „მაგთიკომი“ დასახელდა. როგორც იცით, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ პირველ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ კომპანია „სელფი მობაილმა“. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მიმართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში, დაენერგათ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება შეეთავაზებინათ“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ვახტანგ აბაშიძემ თავის სიტყვაში კომუნიკაციების კომისიის მიერ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ქვეყნის ინტერნეტიზაციის ფარგლებში 2020 წლიდან, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი Log-In Georgia.

„პროექტის დაწყებიდან კომპანია „ოუფენ ნეტმა“, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, უკვე ააშენა 1 300-კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი, რაც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს დამატებით 500 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აიგო, რომელიც 30 000-ზე მეტი მოსახლის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო პროექტის მთლიანი მოცულობა 5000 კილომეტრის მშენებლობას და 500,000 მოსახლეს ითვალისწინებს. რაც შეეხება „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც უშუალოდ კომუნიკაციების კომისია ახორციელებს, პროგრამის მიზანს წარმოადგენს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში დაიფარა 5 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის 65 სამიზნე სოფელი და დასახლება. ჩატარდა 200-ზე მეტი სემინარი და სრულიად უფასოდ გადამზადდა 2700 ბენეფიციარი“, – აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა პროექტ sheamotsme.ge-ზე, რომელიც ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, ასევე შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

მისივე განცხადებით, Sheamotsme.ge საშუალებას გვაძლევს, 24-საათიან რეჟიმში დავაკვირდეთ, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დარღვევის შემთხვევაში კი ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების უზრუნველყოფის მიზნით კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა ვახტანგ აბაშიძემ შშმ პირთათვის აუდიოვიზუალური პროექტის ხელმისაწვდომობის დამტკიცების საკითხით შეაჯამა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ევროპული აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივასთან დაახლოების მიზნით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად დაევალა.

„ახალი წესები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებთ, პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქცია შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.

„საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რეგიონების მასშტაბით, მათ შორის ახალქალაქში, ზუგდიდში და ბათუმში კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე მიიღებს მონაწილეობას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის, მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკისა და რეაგირების შედეგების, სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროების, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობის, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დანერგილი კვლევითი და სამონიტორინგო საქმიანობის, ასევე მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.