კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორ შარლზ კორმიერთან ერთად, „ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტი – საქართველო 2022 – რეგიონთაშორისი კავშირისა და ციფრული სერვისების დერეფნების განვითარება“ გახსნა. სამიტის მიზანი ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნის შექმნის პოტენციალისა და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის შექმნის შესაძლებლობების განხილვა იყო.

ვახტანგ აბაშიძემ მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურით ქვეყანას აქვს გარანტირებული უპირატესობა, გახდეს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი.

„ჩატარებულმა კვლევებმა და ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს აქვს გარანტირებული უპირატესობა, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს დერეფანი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის – სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით. რეგიონში საქართველო საერთაშორისო ტრანზიტის გამტარია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ტრაფიკს ამისამართებენ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიისკენ. სწორედ აღნიშნული მარშრუტების გახსნა, ინტერნეტის საერთაშორისო მოცულობების გასატარებლად ორი უმნიშვნელოვანესი ციფრული დერეფნის არსებობა გახდის შესაძლებელს: პირველი – ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, და მეორე – ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით. არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჩართვის წერტილები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ეტაპობრივად განავითაროს საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეს, როგორც ციფრული ჰაბი. აღნიშნული დერეფნის გასამართად მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური დამაკავშირებელი გზის არსებობა, რომელიც აზერბაიჯანიდან კასპიის ზღვის გავლით იარსებებს და რომლის განხორციელება ახლო პერსპექტივაში მოიაზრება. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს გლობალურ მონაცემთა სატრანზიტო კვანძად ახალი მარშრუტებისთვის, რომელიც ევროპას აზიასა და შუა აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ციფრული ჰაბი გზას გაუკვალავს ევროპა-აზიის ციფრულ დერეფანს, რომელიც შემდგომში დიდ სარგებლობას მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე – მეზობელ რეგიონებსაც“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

სამიტს სამხრეთ კავკასიისა და ევროპის რეგიონების ეკონომიკის მინისტრები, მარეგულირებელი ორგანოებისა და მარეგულირებელი ორგანოების ქსელების, ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ჯგუფების, გაერო-სა და ევროკავშირის შესაბამისი მისიების, მათ შორის – ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG Near) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ექსპერტებმა განიხილეს როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ციფრული კავშირის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე – მხარეებს შორის ინვესტირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა.

სამიტის ფარგლებში, ციფრული შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზების გზებს ვრცელი პანელი მიეძღვნა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე გაუძღვა. სესიაში მონაწილეობა მოწვეულმა ექსპერტებმა და ადგილობრივი ოპერატორების წარმომადგენლებმა მიიღეს.