კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მობილური ტექნოლოგიის კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მობილური ტექნოლოგიის კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით, ესპანეთში ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (MWC) გაიმართა, რომელიც მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების, სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე სიჭინავამ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიორგი პაპავამ მიიღეს.

მსოფლიო კონგრესი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, როგორებიცაა მე-5 და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO), კიბერუსაფრთხოება, მმართველობისა და ინდუსტრიის გაციფრულება, ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე, ციფრული ინკლუზია და სხვა.

კონგრესის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრები აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) წევრთან, პორტუგალიის (ANACOM), ჩეხეთის (CTU), ლიეტუვისა (RRT) და ბრაზილიის (ANATEL) მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეებთან, ასევე, ბაჰრეინის (TRA), სინგაპურის (IMDA) და არაბთა გაერთიანებული საამიროების (TDRA) მარეგულირებელი ორგანოების გენერალურ დირექტორებთან და საუდის არაბეთის მარეგულირებლის (SCT) მმართველთან. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წარმომდგენლებმა კოლეგებს ComCom-ის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და ერთობლივ ინიციატივებსა თუ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ასევე გამართა სამუშაო შეხვედრა ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებელი ორგანოს (BEREC) 2024 წლის თავმჯდომარესთან, ხორვატიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (HAKOM) საბჭოს პრეზიდენტთან, BEREC-ის 2023 წლის და 2025 წლების თავმჯდომარეებთან და BEREC-ის ოფისის დირექტორთან. შეხვედის ძირითად საკითხს ComCom-ის BEREC-ში გაწევრიანება წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა, რომ BEREC-მა დაამტკიცა გაწევრიანების მსურველი ქვეყნების განაცხადების შეფასების პროცედურა და კომუნიკაციების კომისია ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისი განაცხადიც ახალი პროცედურის შესაბამისად განიხილიება. ComCom-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირეს BEREC-ში გაწევრიანების სურვილი და პარტნიორებს ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სტრატეგიული პროექტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი, კომუნიკაციების კომისიამ ორმხრივი შეხვედრები ICANN-ისა და DG CNET-ის წარმომადგენლებთანაც გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლები ასევე ესპანეთის მარეგულირებელი ორგანოს ბაზრებისა და კონკურენციის კომისიის (CNMC) სათაო ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც CNMC-ის საბჭოს წევრს, ტელეკომუნიკაციების მიმართულების დირექტორს და ბაზრის რეგულირების, ბაზრის ანალიზისა და ტექნიკური ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა ესპანელ კოლეგებს ისეთი პრიორიტეტული პროექტების თაობაზე გაუზიარეს ინფორმაცია, როგორიცაა ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, ბაზრის ანალიზის განახლებული მეთოდოლოგია, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ინტეგრაცია და სხვა. CNMC-ის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, წარმოადგინეს ფართოზოლოვანი ქსელის ფასების შემცირების დირექტივის (BCRD) განხორციელების ესპანური პრაქტიკა, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს. ორმხრივი შეხვედრა ასევე შეეხო ბაზრის გახსნის პროცესში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილებებსა და წარმატებულ მიდგომებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან თუ სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.