კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის დირექტორთან, იაროსლავ პონდერსა და ITU-ს მარეგულირებელი საკითხებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსთან, აჰმედ ალრაგჰთან შეხვედრა გამართეს.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვას ისახავდა მიზნად. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გოგა გულორდავამ ყურადღება კომუნიკაციების კომისიასა და ITU-ს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს ტელეკომსექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდროდ გაგრძელდეს, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ფართოზოლოვანი ციფრული რუკის განვითარება; ციფრული უთანასწორობის დაძლევა და ციფრული უნარების განვითარება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავება, სპექტრის ეფექტური მართვა და სხვა“, – აღნიშნა გოგა გულორდავამ.

იაროსლავ პონდერი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში მას ITU-ში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა გენერალურ სამდივნოში, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროსა და რეგიონულ ოფისებში, სადაც მუშაობდა ინფორმაციული საზოგადოების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიმართულებით ეროვნულ, რეგიონულ, საერთაშორისო და გაერო-ს დონეებზე. მისი დაფუძნებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ყოველწლიური WSIS ფორუმი და სხვა ინიციატივები. ამჟამინდელ თანამდებობაზე იაროსლავ პონდერმა შექმნა რამდენიმე საკოორდინაციო მექანიზმი, რომლებიც გაერო-ს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის წინსვლის მიმართულებით სააგენტოებთან მუშაობაში უწყობს ხელს.

11 თებერვალს თბილისში კომუნიკაციების კომისია ITU-ს ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს კავშირის დაგეგმვის, მარეგულირებელი რეფორმისა და საინვესტიციო ანალიზის მიმართულებით სტრატეგიული ინსტრუმენტების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

ITU წარმოადგენს გაერთიანებული ერების სპეციალიზირებულ სააგენტოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით, რომლის მიზანიც საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია 1865 წელს შეიქმნა და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების სპეციალური სააგენტო, ხოლო დღესდღეობით 193 ქვეყანასა და 900 კომპანიას, უნივერსიტეტს, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს აერთიანებს. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, ამჟამად კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს. საქართველო ITU-ში 1992 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობით გაწევრიანდა. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო, შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ITU-სთან.