კომუნიკაციების კომისია – „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

12:28, 12.08.2026

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას, „მედიის გასაღებს“, რომელიც www.mediatsigniereba.ge-ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლებლო და სადისკუსიო მასალას აერთიანებს.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, პროექტი ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ევროკომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარებისთვის არის აღიარებული.

„პროექტი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ფილმების ანალიზითა და განხილვით უზრუნველყოფს და მათ მედიაპროდუქტების გააზრებასა და მედიაგზავნილების სწორად შეფასებაში ეხმარება.

პლატფორმაზე განთავსებული რესურსები პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა და კინომცოდნეებმა სპეციალურად „მედიის გასაღების“ პროექტისთვის შეიმუშავეს. თითოეულ ფილმს თან ახლავს მოკლე სიუჟეტი, ღირებულებითი, თემატური აქცენტები და სადისკუსიო კითხვები. აღნიშნული მასალები მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღება გაამახვილონ საკვანძო სცენებზე, ახალისებს ერთობლივ, არგუმენტირებულ მსჯელობას და ფილმის ყურების პროცესს ინტერაქციულსა და საინტერესოს ხდის“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონლაინსივრცეში თავმოყრილია ფილმები და ანიმაციები ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის: 4-8 წლამდე ბავშვებისთვის, 9-11 წლამდე მოსწავლეებისთვის, ასევე, 12-14 წლამდე და 15-18 წლამდე მოზარდებისთვის.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, „მედიის გასაღები“ მშობლებსა და მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შეარჩიონ ბავშვების ასაკისთვის შესაფერისი ფილმები, გამართონ მათთან დისკუსია და ერთად განიხილონ პოზიტიური შინაარსი.

„სადისკუსიო კითხვები მოზარდებს ეხმარება, გაიაზრონ ფილმის მთავარი სათქმელი, გამოიტანონ სწორი დასკვნები, შეაფასონ მედიაპროდუქტის არსი და ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, რაც მათ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობასა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

საგულისხმოა, რომ პლატფორმაზე განთავსებულია პრაქტიკული გზამკვლევი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც კინოჩვენების პროცესის ეფექტიანად წარმართვის დეტალურ ინსტრუქციას მოიცავს. გზამკვლევში ასევე განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება ფილმების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა საგნის სწავლებისას“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მედიის გასაღების“ პლატფორმაზე განთავსებულია პოპულარული ქართული და უცხოური ფილმებისა თუ ანიმაციების ტრეილერებიც. ამასთანავე, ვებგვერდზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები სრულადაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი