კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაკრიტიკის პლატფორმა დააფუძნა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაკრიტიკის პლატფორმა დააფუძნა

Mediacritic.ge ახალი ვებპლატფორმაა, რომელიც დღეიდან პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედია კრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიაკრიტიკის ონლაინპლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა.

„Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას. მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საკუთარი მედიაპლატფორმა,  სარედაქციო კოდექსი, რომელსაც დაეფუძნება მედიააკადემიაში მიმდინარე სასწავლო-აკადემიური პროცესიც.

ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა – ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი ეფუძნება. Mediacritic.ge სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას და ასევე, ხელს შეუწყობს მედიაკრიტიკოსთა პროფესიული წრის ჩამოყალიბებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედია კრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს“,-ანიშნავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

მათივე თქმით, ქართულ მედიასივრცეში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას.

მედიააკადემიის მიზანი სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც იმავდროულად დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და მედიააკადემია, რომელიც მედიაკრიტიკის ვებპლატფორმის გარდა, კიდევ ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მედიასკოლა – რომელიც მედიამენეჯერებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მედიალაბი – ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას“,- აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.