კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერნეტის გამოყენებისა და მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა.

შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც, სპეციალისტების დახმარებით, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, სოციალური ქსელების, „გუგლის“ სერვისების, ასევე, სასარგებლო ონლაინაპლიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის ათზე მეტ სამიზნე სოფელში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელფოსტის გამოყენების, „გუგლის“ რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ გადამზადდებიან.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელსერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის პროგრამა ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს სოფლად მცხოვრები 500 000-მდე პირისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.