კომუნიკაციების კომისიამ WSIS+20-ის ფორუმზე საქართველოს ციფრული შესაძლებლობების შესახებ სესია გამართა
კომუნიკაციების კომისიამ WSIS+20-ის ფორუმზე საქართველოს ციფრული შესაძლებლობების შესახებ სესია გამართა

ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის ფორუმის (WSIS+20) ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გაიმართა სესია „ინოვაციების გამოყენება და რისკებისა და შესაძლებლობების დაბალანსება ციფრულ სივრცეში: საქართველოს გამოცდილება“, რომელიც საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევასა და მიღწეულ შედეგებს მიეძღვნა.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქვეყნის რეგიონულ ციფრულ ლიდერად პოზიციონირების თვალსაზრისით კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებულ ინიციატივებსა და ჩართულობაზე მოხსენება კომუნიკაციების კომისიის ​წევრმა, ეკატერინე იმედაძემ წარადგინა, ხოლო სესიას მოდერაცია კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა გაუწია.

„დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა, იყოს საკვანძო რგოლი რეგიონში და სანდო პარტნიორი ევროპასა და აზიას შორის. პირდაპირი წყალქვეშა კავშირი ევროკავშირთან საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას. მისი გეოგრაფიული მდებარეობა, უსაფრთხო და მდგრადი ინფრასტრუქტურა, ასევე მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ხელს უწყობს ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ხოლო ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემო ქმნის რეალურ საფუძველს საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სესიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ირაკლი ჟღენტი. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად თავისი ზომისა, ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ამბიციური ციფრული მოთამაშე რეგიონში. მისი თქმით, ქვეყანამ შეიმუშავა სტრატეგიული ხედვა – განვითარების ცენტრში ციფრული ტრანსფორმაციის პოზიციონირებით. ეს ხედვა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლის გზამკვლევი, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული თანამშრომლობის საფუძველია.

სესიის მთავარი პრეზენტაცია „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ წარადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მსოფლიო ბანკისა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი Log-in Georgia, რომელსაც „ოუფენ ნეტი“ კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. მისი განცხადებით, პროექტი წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს, როდესაც ინფრასტრუქტურა, თანამონაწილეობა და ინკლუზიურობა ერთიანდება საერთო მიზნის – ციფრული ჩართულობის მისაღწევად.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ ისაუბრა კომუნიკაციების კომისიის უმნიშვნელოვანეს როლზე Log in Georgia-ს პროექტის განხორციელებაში. მან აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, როგორც დარგის მარეგულირებელი, კომუნიკაციების კომისია ხელს უწყობს ქვეყნის მასშტაბით ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია მოსახლეობისთვის ხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ, კომისია პასუხისმგებელია ქვეყანაში მედიისა და ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზე. ამ კონტექსტში კომუნიკაციების კომისიის წევრმა მონაწილეების ყურადღება გაამახვილა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარების გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

„კომუნიკაციების კომისია ახორციელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელიც Log-in Georgia-ს ნაწილია და რომლის ფარგლებშიც უკვე ჩატარდა 600-ზე მეტი სემინარი და გადამზადდა 8 500-ზე მეტი მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ციფრული ჩართულობა აღარ არის მხოლოდ განაცხადი, არამედ რეალური შესაძლებლობაა ადამიანებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

სესიაში ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ციფრულ განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა, გორან ვრანიჩმა. პანელური დისკუსიის ფარგლებში მან იმ სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებმაც პროექტ Log-in Georgia-ს ეფექტიანი განხორციელება განაპირობა. დისკუსიისას მან ხაზი გაუსვა პარტნიორობაზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული გამოცდილება სხვა ქვეყნებისთვის, შესაძლოა, მაგალითი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი Log in Georgia საქართველოში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის ლიდერებს. ღონისძიება 2003 წლის ჟენევის სამოქმედო გეგმისა და გაერო-ს 17 ციფრული მდგრადი განვითარების (SDG) მიზნის ფარგლებში ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას ემსახურება.