კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 4 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში სულ 51 მაუწყებლის რაოდენობრივი მონიტორინგი განხორციელდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები.

აღნიშნული მონიტორინგი მოიცავს სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას და გენდერს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში შეფასებულია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში. ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

გარდა ამისა,ანგარიში მოიცავს შვიდი სამაუწყებლო არხის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“; „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“; „რუსთავი 2“-ის; „ტელეიმედის“; „პოსტვ“-ის; „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ გაშუქების ტონის მონიტორინგს. გაშუქების ტონი შეფასებულია სამი კატეგორიის შესაბამისად: პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური. აღნიშნულ შვიდ არხზე მონიტორინგი მიმდინარეობდა საუკეთესო დროს, 19:00-24:00 საათამდე პერიოდში.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგს, კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, კონკურსის წესით სპეციალურად შერჩეული, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებული პირები ახორციელებდნენ.