კომუნიკაციების კომისიამ წალენჯიხაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ წალენჯიხაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც წალენჯიხის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, „გუგლის“ აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

სემინარები ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატის მიღებას.

წალენჯიხაში პროგრამის სამიზნე სოფლებია: ჭალე, ჭველე, ეწერფერდი, ჯარიღა, ლარა, ლეშამუგე, ლეთკანთი, მახარია, მუჟავა, ნაკიფუ, ოლორი, ფოცხოეწერი, საჩინო, სამესხიო, ულურია და ზღვაია. მუნიციპალიტეტში პროგრამის ციფრული ელჩის ნომერია: 557 70 72 74.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 8300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ „ლოგ ინ ჯორჯიის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. „ლოგ ინ ჯორჯია“ საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.