კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ორდღიანი კონფერენციით გახსნა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კონფერენციაში მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა მიიღეს. კონფერენციას ასევე მედიაწიგნიერების სამიზნე ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა იყო. კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებმა საქართველოში მედიაწიგნიერების კუთხით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ექსპერტებმა მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ ისაუბრეს და აქცენტი ისეთ აქტუალურ საკითხებზე გააკეთეს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები.

კომუნიკაციების კომისიის, როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყების ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.