კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებთან შინაარსობრივი რეგულირებისა და პროდუქტის განთავსების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გამართა

20:35, 07.10.2026

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ანი ვაზაგაშვილმა და ივანე მახარაძემ მაუწყებლების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებები და მათ საფუძველზე განსაზღვრული შინაარსობრივი სტანდარტები, მათ შორის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვის მოთხოვნები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესები, მაუწყებლების დაფინანსებასა და სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მაუწყებლობის სფეროს სხვა აქტუალური თემები. მაუწყებლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.

„კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს კომისიის მიერ შემუშავებულ და გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებზეც, რომლებიც მედიის წარმომადგენლებისთვის მარეგულირებელი სტანდარტების პრაქტიკულ სარედაქციო გზამკვლევს წარმოადგენს. დოკუმენტი განმარტავს, რას გულისხმობს სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტები, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი მოსაზრებისგან და რა კრიტერიუმებით აფასებს კომისია შესაძლო დარღვევებს.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ შეიმუშავა, რათა მაუწყებლებისთვის უფრო მკაფიო ყოფილიყო როგორც კანონით განსაზღვრული მოთხოვნების პრაქტიკაში შესრულების საკითხები, ისე კომისიის მიდგომები.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნოს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა. კომუნიკაციების კომისიის ამოცანაა, მაუწყებლებთან თანამშრომლობისა და მუდმივი დიალოგის გზით ხელი შეუწყოს კანონის ეფექტიან აღსრულებას, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის დაცვას და სტაბილური მედიაგარემოს განვითარებას“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი