კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა უკვე მესამედ დააკისრა
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა უკვე მესამედ დააკისრა

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეათე თვეა არ ასრულებს. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.

„ეს უკვე მეექვსე სანქციაა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს და 25 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ დააკისრა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.