კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინი“ 270 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინი“ 270 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს აქტიურად არღვევდა.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა. პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, მერე ეტაპზე მოხდა კომპანიის დაჯარიმება, განმეორებითი დარღვევის გამო კი კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა.