კომუნიკაციების კომისია „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ შეძენაზე, სავარაუდოდ თანხმობას მისცემს
კომუნიკაციების კომისია „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ შეძენაზე, სავარაუდოდ თანხმობას მისცემს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ შეძენაზე, სავარაუდოდ, თანხმობას მისცემს. კომისიის საიტზე უკვე გამოქვეყნებულია შესაბამისი გადაწყვეტილების 57-გვერდიანი პროექტი.

დოკუმენტში შეფასებულია ბაზარზე არსებული ვითარება, მათ შორის კონკურენციის კუთხით.
საკითხის ზეპირი მოსმენა მარეგულირებელ კომისიაში დღეს გაიმართება. დღესვე შეიძლება ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღი.

„მიეცეს თანხმობა „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე. „სილქნეტმა“ და „ჯეოსელმა“ მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერ ცვლილებების თაობაზე შეატყობინონ მომხმარებლებს და კომისიას ცვლილებების განხორციელებამდე ერთი თვით ადრე“, – წერია გადაწყვეტილების პროექტში.

ამასთან, „ჯეოსელის“ შეძენის შემთხვევაში, „სილქნეტს“ შესაძლოა, რამდენიმე ვალდებულება დაეკისროს. საუბარია სპეციფიკურ ვალდებულებზე: ზონათშორის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების;

ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების; ადგილობრივ ზონაში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების;

ზონათშორის მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების სეგმენტებზე.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგეგმილი მსხვილი გარიგების შესახებ ცნობილი იანვრის ბოლოს გახდა. „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ 153 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს.