კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის
კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე „მედიაწიგნიერება საქართველოში“ განაცხადა.

ხათუნა ივანიშვილმა აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს დღეს გააცნო.

კომისიის ინიციატივით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სამუშაო ფორმატი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და მონაწილეობით, წელიწადში ორჯერ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უზრუნველყოფს. ასევე, კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი საკომუნიკაციო ონლაინსივრცის შექმნა.

„გარდა ერთიანი ქსელისა, კომისიის ინიციატივაა, შეიქმნას ეროვნული მნიშვნელობის ვებპლატფორმა, რომელიც მომხმარებელს და ყველა დაინტერესებულ პირს, მედიაწიგნიერების მიმართულებით ნებისმიერი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და შესაბამის მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას აქვს, ეს არის ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული კვლევის ჩატარება მედიაწიგნიერების მიმართულებით. მოგეხსენებათ, მსგავსი კვლევა ჩვენთან არ არსებობს, კომისია გთავაზობთ, ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რათა გვქონდეს სიღრმისეული კვლევა, რა გამოწვევების წინაშე ვართ“, – განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.

სწორედ ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანისა და ასევე ინტერნეტსივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ევროსაბჭო ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ახორციელებს.