კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს

თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში BTU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. ასევე, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება, შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ასევე, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს BTU-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე, სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.

ამასთან, სტუდენტები, მედიაწიგნიერების პროექტის „მედიის ეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალმიდგომებს დაეუფლებიან. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებპლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებპლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა. შემდგომ ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ზრუნვას სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითაც განაგრძობს.

დატოვე კომენტარი