კომუნიკაციების კომისია - მაუწყებლები, რომლებიც მეშვიდე წელია, საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ
კომუნიკაციების კომისია - მაუწყებლები, რომლებიც მეშვიდე წელია, საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ

სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია შვიდი წელია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში, რომლითაც რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების „ფეისბუქისადმი“ მიმართვას ეხმაურება.

„29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს საჯარო გახადონ საქართველოდან შესული პოლიტიკური რეკლამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის ვინაობა, მათი საკონტაქტო მონაცემები და თითოეულ რეკლამაში დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა.

„საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები – ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება“,- წერია ღია წერილში.

სწორედ აღნიშნული მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად 2013 წელს მიღებული კანონი, რომლის აღსრულებასაც ეწინააღმდეგება მედიის გარკვეული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ღია წერილს აწერს ხელს და ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს რა თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ესა თუ ის მედია საშუალება“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკეთოს არხის სარედაქციო პოლიტიკის ანალიზი, გააანალიზოს დაფინანსების წყაროების გავლენა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი შესაძლო მანიპულაციისგან.

„ამ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებიან 2013 წლიდან ტელეკომპანია „კავკასია“ – „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, სამოქალაქო განათლების ფონდი -„ტაბულა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულება მოითხოვა, 2013 წელს „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა მენეჯმენტმა, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, ასევე „ტელეიმედმა“, ტელეკომპანია „მაესტრომ“, „ევროპა პლუსმა“, „ქართულმა რადიომ“, „სტუდია მაესტრომ“ და სამოქალაქო განათლების ფონდმა „ტაბულამ“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ერთად გაასაჩივრეს. რამდენიმე მაუწყებლის ინტერესებს სასამართლოში სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანცია წააგეს. ერთადერთი, რომელმაც სასამართლო დავა განაგრძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი იყო. კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანცია მოიგო და ახლა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე განცხადებით, შვიდი წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას.

„კერძოდ, 2020 წელს, როგორც კი კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანციის მოგების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართა მაუწყებლებს, ტელეკომპანია „კავკასიამ“ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა.

ამის პარალელურად, ტელეკომპანია „კავკასია“ მოუწოდებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ, მაგრამ წინააღმდეგია საკუთარ მაყურებელს და საზოგადოებას ასევე გამჭვირვალედ წარუდგინოს მისი არხის დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის აღუსრულებლობის გამო, საქართველო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, ქართული მედიის ნაწილი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს კომუნიკაციების კომისიას კანონის შესრულებაში.

„2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამ დრომდე სრულყოფილად არ სრულდება“,- ასეთ შეფასებას აკეთებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში და აკრიტიკებდა ქვეყანას, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.