კომუნიკაციების კომისია - ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს
კომუნიკაციების კომისია - ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს

საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მიზანს ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს სფეროებში ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის შეფასებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების გაცვლა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და ქვეყნის, როგორც ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა.

„ამას გარდა, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად მიაწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარება და 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი, ასევე, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან აპროქსიმაციის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.