კომუნიკაციების კომისია - 2017 წელს სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა
კომუნიკაციების კომისია - 2017 წელს სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს სარეკლამო ბაზრის ანალიზის შედეგები წარმოადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ანალიზი ციფრებით ადასტურებს, რომ 2017 წელს სარეკლამო ბაზარი არა თუ შემცირდა, არამედ სამი მილიონით გაიზარდა.

„ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესწავლის მიზნით, კომისიამ,  რეკლამის დამკვეთი მთელი რიგი კომპანიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ. ხოლო ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მათ მიერ გაყიდული  სარეკლამო დროიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომპანიების ჭრილში. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27 % იტოვებდნენ,  ხოლო ზოგ შემთხვევაში, ეს თანხა 33 %-ს აღწევდა.

ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა. 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკვეთი 5-7 % პროცენტამდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა აღნიშნული 7 %-ისა, დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20 % ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად, შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, რომ არა 2017 წელს სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელის შეცვლა და მისი არაბუნებრივად გადანაწილება, ტელეკომპანიები მიღებული 60, 127, 900 მილიონი ლარის ნაცვლად, 75,159,875 მილიონ ლარს მიიღებდნენ.

„15,031,975 მილიონი ლარი, რომელიც უნდა მიეღოთ ტელევიზიებს, მაგრამ ვერ მიიღეს და დარჩა ტელევიზიებს მიღმა, სწორედ იმ ახალი გაყიდვების სტრუქტურით არის გამოწვეული, რაც კომპანიებმა 2017 წელს შექმნეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე თავადვე თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს“, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.