კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დავით კაკაბაძე დაინიშნა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშია აცხადებენ, რომ ​მედიააკადემიის დაფუძნება ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა მიუნხენსა და პრაღაში.

კაკაბაძე „რადიო თავისუფლებაში“ 1993 წლიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა. გარდა ამისა, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს ხელმძღვანელობდა. დავით კაკაბაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. დავით კაკაბაძე ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გერმანულიდან და ჩეხურიდან დავით კაკაბაძის მიერ ნათარგმნი რამდენიმე წიგნი გამოიცა.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მედია წიგნიერების განვითარებისა  და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაეკისრა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთი მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის  თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას.

დატოვე კომენტარი