გია ვოლსკი - კომპრომისი იმაზე, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს
გია ვოლსკი - კომპრომისი იმაზე, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს

მომავალი კვირის უახლოეს დღეებში ჩატარდება შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, საკითხი რასაკვირველია იგივეა. კომპრომისი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, დაუშვებელია, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს და იმ შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და საერთაშორისო დონეზე ყველა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც სამართლიანი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან დათმობას, მე ვერ დავარქმევდი ამას დათმობას, ვინაიდან პოლიტიკურ სასაფლაოზე არავის სურს მოხვედრა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, კოვიდი მაქვს მხედველობაში და ეკონომიკაზე მისი ძალიან უარყოფითი გავლენა, სწორედაც მოითხოვს აზრთა ჭიდილს, რათა ბიუჯეტი გავანაწილოთ სწორად და ამ შემთხვევაში ის პოლიტიკური ძალა, ვინც გამოაკლდება ასეთ მსჯელობას საგანგებო ღონისძიებების დაფინანსების, დაგეგმვისა და სტრატეგიის შემუშავების თაობაზე, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მითუმეტეს, რომ მათი მხარდამჭერი საზოგადოებაც, სწორედაც ამას მოითხოვს მათგან. ვფიქრობ, ამ ხაზით თუ იქნება კომპრომისები დაშვებული, ეს იქნება კომპრომისი, რომელიც გაითვალისწინებს საზოგადოების, როგორც დიდი ნაწილის,ასევე შედარებით მცირე ნაწილის და მთლიანად საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების თაობაზე, თუ უკან არ წაიღებს ოპონენტთა ჯგუფი მოთხოვნას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უარს აცხადებენ ისეთი საკითხების განხილვაზე, რომელიც უპირველესი პრობლემაა ქვეყნისათვის.

„იმედი მაქვს, რომ ექნებათ განსხვევაბული მოსაზრება, როდესაც კიდევ ერთხელ დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და როდესაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება, თუ რას ითხოვს არა მარტო ქართული საზოგადოება პოლიტიკური სუბიექტებისაგან, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ორგანიზაციები, ვინაიდან საქართველო საგანგებოდ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე აშშ-სთვის და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომელიც ჩართულია მეტად რთული ვითარების რეგულაციის საკითხებში. მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სუბიექტები მხოლოდ თავისი სახელით უნდა გამოდიოდნენ და საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ შედგება და პარლამენტში გადავიტანთ ჩვენი დაპირისპირების თუ საქმიანი ურთიერთობის პერიპეტიებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ, ასევე „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც შეაფასა.

„თუ რამე მოსაზრება არსებობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგებში, ჩვენ საკმაოდ მყარი და მოწინავე პოზიციები გვიკავია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმების პროცესი არ უნდა გაგრძელდეს. ნებისმიერი საინტერესო წინადადება იმისათვის,რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რასაკვირველია მისაღები იქნება სულ ცოტა განხილვისათვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.