„კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რომ ხორავას ქუჩის მსგავსი საშინელი ინციდენტი ავიცილოთ“
„კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რომ ხორავას ქუჩის მსგავსი საშინელი ინციდენტი ავიცილოთ“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი იმისათვის, რომ მომავალში ხორავას ქუჩის მსგავსი საშინელი ინციდენტი თავიდან იყოს აცილებული.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მომხდარი ფაქტი უდიდესი ტრაგედია ოჯახებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის.

„მგონია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება და სახელმწიფო ერთად უნდა დავდგეთ. განსაკუთრებით, ხელისუფლებას ევალება, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთად გეგმავენ ღონისძიებებს, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ ამ ორი სამინისტროთი არ უნდა შემოვიფარგლოთ და კომპლექსური ღონისძიებები უნდა გავატაროთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი სახის საშინელება თავიდან ავიცილოთ. ბავშვის კოდექსზე ვმუშაობთ, სადაც გარკვეული მექანიზმებია ჩადებული. მათ შორის, საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცვის ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომიტეტი ღიაა იმისთვის, რომ საზოგადოების წინადადებები მოვისმინოთ. საკმარისი მხოლოდ ეს კოდექსი არ იქნება და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა”, – განაცხადა კილაძემ.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.