„თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები - ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე
„თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები - ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე

ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე, რამაც შელახა ჩვენი, როგორც აქციონერთა უფლებები, გაგვიჩინა წარმოუდგენელი უსამართლობისა და დაუცველობის განცდა.  მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალი და საინვესტიციო იმიჯი, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმმა იძულების, მუქარისა და ზეწოლის გზით 26 აქციონერს წაართვა ქარხანა, რომელიც საქართველოში იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი წარმატებული საწარმო იყო.

„რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ საკითხზე ჩვენ უკვე ექვსი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ სასამართლო დავას, თუმცა ჯერ რეალური ხელშესახები შედეგები არ დამდგარა.

ამის მიუხედავად, ამ მომენტში, როდესაც შესაძლოა, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამართლიანი კერძო ინტერესები ემთხვევა ქვეყნის საერთო ინტერესებს და მდგომარეობს დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაში მომავლისთვის და არა წარსულში დაბრუნებაში. თუკი ზოგადად გვინდა სამომავლოდ ინდუსტრიისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარება. ამასთან ერთად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება, მიგვაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება მმართველობაში. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი ჩვენს სიმართლეში და ჩვენი უფლებებისთვის განვაგრძობთ ბრძოლას, თუმცა მივიჩნევთ, რომ ამისათვის აუცილებელია არ მოხდეს ძველი რეჟიმის აღდგენა”, – აღნიშნულია განცხადებაში.