კომპანია „სითი პარკს“ შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს
კომპანია „სითი პარკს“ შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

კომპანია „სითი პარკს“ შესაძლოა,  პასუხისმგებლობა დაეკისროს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი პროცედურების გავლაა საჭირო.

„სითი პარკს“ შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა. საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი, თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, გადაბარების პროცესი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს. 10 აპრილიდან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს „სითი პარკს“ და პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

„აქედან გამომდინარე, ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს”- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ „სითი პარკის“ შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი, კომპანია იტოვებდა.

„ამ ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა თბილისის ბიუჯეტში. ყველა შემოსავალს სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, 60% კომპანიის ანგარიშზე“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წლის 10 აპრილიდან, მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მისი თქმით, ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან.