კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას განახორციელებს
კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას განახორციელებს

ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას Institute IGH განახორციელებს, რომელიც უკვე წელიწად-ნახევარია საქართველოშიც მუშაობს.

2,4 კილომეტრის სიგრძის და 55 მეტრის სიმაღლის პელეშაცის საავტომობილო ხიდი ხორვატიაში აშენდება, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მალოსტონსკის ყურეს გადაკვეთს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ხიდის სიგანე იქნება 21 მეტრი, რაც საკმარისია მოძრაობის ოთხი ზოლის მოსაწყობად.

ხორვატიის გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში Institute IGH-მ საუკეთესო პირობები წარადგინა და ტენდერი 8 მილიონ დოლარად მოიგო. ხორვატიის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთავაზებულ წინადადებებს შორის Institute IGH-ს პირობები ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა შერჩევის კრიტერიუმებს და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური იყო.

პელეშაცის ვანტური კონსტრუქციის ხიდის მშენებლობის ღირებულება 343 მილიონი დოლარია. სამშენებლო სამუშაოებს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კონსორციუმი განახორციელებს.

პელეშაცის ხიდი ხორვატიის ტერიტორიის ძირითად ნაწილს დააკავშირებს ქვეყნის სამხრეთის რეგიონთან – ადრიატიკის ზღვაში მდებარე სამხრეთ დალმატიის ნახევარკუნძულთან და უზრუნველყოფს უწყვეტ სატრანსპორტო კავშირს დუბროვნიკ-ნერეტვას რეგიონთან, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს.

პელეშაცის ხიდის მშენებლობა ოთხეტაპიანი პროექტის – სამხრეთ დამლატიასთან დამაკავშირებელი გზა – პირველი ეტაპია. სამხრეთ დამლატიასთან დამაკავშირებელი გზის პროექტისათვოს ევროკავშირმა 2017 წლის ივნისში 357 მილიონი ევროს გრანტი გამოყო, რაც პროექტის საერთო ღირებუელბის 85%-ია.

Institute IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. ამასთან, Institute IGH-ის საქართველოს ფილიალი ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას.