კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

მცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი გენერალური დირექტორის რომა ანთიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდება კომპანია ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს.

მათი თქმით, ერთ-ერთი მეწილე ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს არ აძლევს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, არსებობს საშიშროება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მმართველი დაინიშნება, მოხდება საკადრო ცვლილებებიც.

როგორც გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, მეწილე ირაკლი დუმბაძე მას გამოგონილი ბრალდებებით უჩივის სასამართლოში, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს. მისი თქმით, მას მეწილე ირაკლი დუმბაძე ბრალს სდებს კომპანიის გაკოტრებაში.

„ის საკუთარ კომპანიას ედავება სასამართლოს საშუალებით და ჩემს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელები ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე გადამაყენოს თანამდებობიდან. 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მე კომპანიისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია და ვცდილობ, ვიდრე თანამდებობაზე კიდევ ვარ, რომ კომპანია წავიდეს წინ“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, რომა ანთიძემ.

კომპანია „ლიდერფუდის“ 50%-იანი მეწილე ირაკლი დუმბაძე საქართველოს პირველი არხის ზარებს არ პასუხობს.