კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორი სტეფან უაილერი - 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი ევროობლიგაციების გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით
მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan-ი, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები, ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, – ამის შესახებ კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა, სტეფან უაილერმა საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირების შეფასებისას განაცხადა.
სტეფან უაილერის თქმით, გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას.
როგორც უაილერმა აღნიშნა, „ჩვენ ვიხილეთ 5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა 100-ზე მეტი ინვესტორისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით“. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
„დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოსთვის. გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და, მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში, რთული და სწორი გადაწყვეტილებებით მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი“, – აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა, სტეფან უაილერმა.
JP Morgan-ის მმართველი დირექტორის, სტეფან უაილერის კომენტარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.