კომპანია Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელები ყველაზე სანდო ფიგურად ვალერი ზალუჟნის მიიჩნევენ, ამ რეიტინგში ვოლოდიმირ ზელენსკი მეოთხე ადგილზეა
საერთაშორისო სოციოლოგიურმა კომპანიამ, Ipsos-მა 2026 წლის თებერვალში უკრაინაში მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
კვლევის ერთ-ერთი კითხვა სანდო ფიგურას ეხებოდა. რეიტინგში პირველ ადგილზეა უკრაინის შეიარაღებულ ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი 63%-ით, შემდეგ – მოკრივე ალექსანდრე უსიკი 56%-ით და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურ კირილ ბუდანოვი 55%-ით. მეოთხე ადგილზეა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 49%-ით. რაც შეეხება უნდობლობის მაჩვენებლებს აღნიშნულ ოთხეულში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 38% ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს, კირილ ბუდანოვს – 23%, ალექსანდრე უსიკსა და ვალერი ზალუჟინს – 22-22%.
კვლევაში კითხვა ასევე ეხებოდა ქვეყნის კურსს. გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 29% კი — სწორი მიმართულებით. 34% კითხვას პასუხს ვერ სცემს.
ამასთან, გამოკითხულთა 45% უარყოფითად აფასებს მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო პერსონალურ ცვლილებებს. 32% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები ვითარებას გააუმჯობესებს. 24%-მა კითხვას პასუხი ვერ გასცა.
გამოკითხვაში 2 003 რესპონდენტი მონაწილეობდა – ყველა 18 წელს გადაცილებული, მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრები. ცდომილების ზღვარი შეადგენს ±2.2%-ს.