კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულები ხვალიდან მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან
კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულები ხვალიდან მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან

კომპანია „IDS ბორჯომის“ დასაქმებულები ხვალიდან მედიაციის პროცესს დაიწყებენ. პროფკავშირების ჩართულობით, დასაქმებულების სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. მედიაციის პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, თუ შეთანხმება ვერ შედგა, დასაქმებულები გაიფიცებიან.

დასაქმებულები „ბორჯომის“ ქარხანასთან აქციას დილიდან მართავენ. ისინი მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალი კონტრაქტებს აპროტესტებენ. მათი თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ახალ რეალობაზეა მორგებული და არ არსებობს რამე გარანტია, რომ ძველ ანაზღაურებას დაუბრუნდებიან.  კერძოდ, ახალ კონტრაქტში იძულებით განაცდური დღეები, 100 პროცენტის ნაცვლად, ანაზღაურდება 50 პროცენტით. ზეგანაკვეთური სამუშაო, 140 პროცენტის ნაცვლად, ანაზღაურდება 125 პროცენტით. რაც შეეხება პრემიალურ სისტემას, ის აღარ არსებობს.

დასაქმებულები მზად, არიან ხელი მოაწერონ კონტრაქტებს მხოლოდ იმ დათქმით, რომ ქარხნის ამუშავებასთან ერთად, ძველი პირობები დაბრუნდება. სწორედ ამ დეტალებზე სასაუბროდ ისინი მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას, რათა დეტალურად გაიგონ, რა ხდება „ბორჯომთან“ დაკავშირებით. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ „IDS ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდებოდა, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდა.

ამ ეტაპზე კომპანია დასაქმებულებს არ პასუხობს.