კომპანია „იალქანი“ - მეკობრეებისგან გათავისუფლებული მეზღვაურები ამ ეტაპზე, შესაძლოა, საქართველოში არ დაბრუნდნენ და გემზე მუშაობა გააგრძელონ
კომპანია „იალქანი“ - მეკობრეებისგან გათავისუფლებული მეზღვაურები ამ ეტაპზე, შესაძლოა, საქართველოში არ დაბრუნდნენ და გემზე მუშაობა გააგრძელონ

მეკობრეებისგან გათავისუფლებული 17 ბათუმელი მეზღვაური, შესაძლოა, ამ ეტაპზე, საქართველოში არ დაბრუნდეს და გემზე მუშაობა გააგრძელოს – ამის შესახებ განცხადება დამსაქმებელ კომპანია „იალქანში“ განაცხადეს. კომპანიის მენეჯერი ანჟელა ოგანესიანი ამბობს, რომ ეს მთლიანად ქართველი მეზღვაურების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, ისინი გვარწმუნებენ, რომ მთლიანად ქართველი მეზღვაურების არჩევანზე იქნება დამოკიდებული, დაბრუნდებიან საქართველოში, თუ გააგრძელებენ გემზე მუშაობას. თუ წამოსვლას გადაწყვეტენ, კომპანია იმ დღესვე შეუძენს ბილეთებს და გამოამგზავრებს, გემზე უკვე იმყოფებოდნენ ექიმები, ფსიქოლოგები, მადლობა ღმერთს არ დასჭირდათ მათი დახმარება, ბიჭები კარგად არიან. გემთმფლობელი ახლო მომავალში მოგვაწვდის ინფორმაციას, რა და როგორ მოხდა“, – განაცხადა ანჟელა ოგანესიანმა

მენეჯერი ამბობს, რომ ის მეზღვაურებს გუშინ ელეფონით ესაუბრა, თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მეკობრეებმა გემი მთლიანად გაძარცვეს, წაართვეს პირადი ნივთებიც და მხოლოდ ერთი ტელეფონით შეძლეს დაკავშირება.

„მე ველაპარაკე ჩემს ძმას, რომელიც გემზეა, ასევე გემის კაპიტანს, მოკლედ გვესაუბრნენ, რადგან მხოლოდ ერთი ტელეფონი ჰქონდათ. ბიჭების პირადი ნივთები, ტელეფონები, კომპიუტერები ყველაფერი წაიღეს, მაგრამ მთავარია, ისინი კარგად არიან და საუბრიდან გამომდინარეც მივხვდი, რომ მათ ამ დროისთვის პრობლემები არა აქვთ“ – ამბობს „იალქანის“ მენეჯერი.

გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ტოგოს რესპუბლიკაში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.