კომპანია „ფეისბუქის“ განცხადებით, არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ სოციალური ქსელის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შეექმნა
კომპანია „ფეისბუქის“ განცხადებით, არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ სოციალური ქსელის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შეექმნა

კომპანია „ფეისბუქში“ აცხადებენ,აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ სოციალური ქსელის მუშაობის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შეექმნა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ფეისბუქის“ გათიშვის მთავარ მიზეზად კონფიგურაციის არასწორ განახლებას მიიჩნევენ. კერძოდ, გავრცელებული განცხადების თანახმად, მასშტაბური პრობლემები სოციალური ქსელების მუშაობაში გამოიწვია ცვლილებების შეტანამ ძირითადი როუტერების კონფიგურაციაში, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს შორის ტრაფიკის კოორდინაციას ახორციელებენ. ქსელური ტრაფიკის დარღვევამ გავლენა იქონია კომპანიის მონაცემთა ცენტრებს შორის კავშირებზე, რამაც მომსახურების შეჩერება გამოიწვია.

„ჩვენი სერვისები კვლავ დაკავშირებულია ქსელთან და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულად აღვადგინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი. მოცემული მომენტისთვის გვსურს, განვმარტოთ, რომ ამ შეფერხების ძირითად მიზეზად მიგვაჩნია კონფიგურაციის არასწორი ცვლილება. ჩვენ ასევე არ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ მომხმარებელთა მონაცემებს საფრთხე შეექმნა ამ შეფერხების შედეგად“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

კომპანია ბოდიშს უხდის იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც მათ მომსახურებას ეყრდნობიან.

„მთელს მსოფლიოში ადამიანები და კომპანიები გვენდობიან ყოველდღიურად, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულები დარჩნენ. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გავლენას, რომელიც აქვს მსგავსი ტიპის შეფერხებებს ადამიანების ცხოვრებაზე და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ადამიანები გვყავდნენ ინფორმირებული ჩვენი სერვისების შეფერხების შესახებ. ჩვენ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც დაზარალდა და ვმუშაობთ, რათა მეტი გავიგოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა უფრო მდგრადი გავხადოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გლობალური შეფერხების გამო 4 ოქტომბერს ექვს საათზე მეტი ხნით გაითიშა „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“.