კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 89 პროცენტით ამცირებს
კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 89 პროცენტით ამცირებს

„ფაიზერის“ ექსპერიმენტული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 89 პროცენტით ამცირებს.

ამის შესახებ „სიენენი“ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„სიენენის“ ცნობით, კომპანიაში აცხადებენ, რომ აბები ეფექტურია, თუ მას მაღალი რისკის მქონე ზრდასრულები პირველი სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ.

„ფაიზერის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მოკლე ვადაში შეძლებს მედიკამენტის მიწოდებას პაციენტებისთვის, ვიდრე მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდება საჭირო.

ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, 697 ადამიანს შორის, რომლებიც „პაქსლოვიდს“ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ სამი დღის განმავლობაში იღებდნენ, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კვლევამ ასევე აჩვენა „ვირუსული დატვირთვის დაახლოებით 10-ჯერ შემცირება მეხუთე დღეს“. „ფაიზერმა“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას გაუგზავნა მონაცემები, რომელიც მისი უკვე წარდგენილი განაცხადის ნაწილს წარმოადგენს.