კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის „ბრიტანული“ და „სამხრეთაფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია
ამერიკულ კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა „კოვიდ-19“-ის „ბრიტანული“ და „სამხრეთაფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.
ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
მკვლევრებმა შეისწავლეს „ფაიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში. აღმოჩნდა, ამ ადამიანების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა, ლაბორატორიაში წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა „კოვიდ-19“-ის ორ ახალ შტამს.
„ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია და როგორც ჩანს, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტი მათ ვაქცინას პრობლემას არ უქმნის.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადების სიმძიმე არ შეცვლილა.