კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს
კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს

კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც „როიტერი“ წერს, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში მინიმუმ ხუთჯერ და მაქსიმუმ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები გამომუშავდება. „ფაიზერის“ წარმომადგენელთა თქმით, ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.

ამასთან, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის დამატებითი დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. თუმცა, ისინი მზად არიან, განიხილონ დამატებითი დოზის ავტორიზაცია, თუ ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება დადგება.

„ფაიზერის“ სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკაელ დოლსტენი ამბობს, ისრაელში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვირუსით იანვარსა და თებერვალში აცრილი მოქალაქეები ინფიცირდებიან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინების ეფექტურობა ივნისში 64%-ს შეადგენდა.

„ფაიზერის“ ვაქცინა დელტა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა აცრიდან ექვს თვეში არსებობს რეინფექციის საფრთხე, რადგან ანტისხეულები იკლებს“, – განაცხადეს „ფაიზერში“.

კომპანიაში ამბობენ, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგებს ისინი უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ.