კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან
კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან.

ადგილზე ასევე იმყოფება კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე.

როგორც მან განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებთან კომპანია საერთო ენის გამონახვას შეძლებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც „ნამახვანი ჰესი“ მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ხეობას.

„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს. მინდა, მოვინახულო ყველა სამშენებლო მოედანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პროექტზე და ყველა ძალიან დიდი იმედით შევცქერით ამ პროცესებს.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის და მისი მნიშვნელობის მიმართ. ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე.

ჩვენ, როგორც კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივებს, რომლებიც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პროექტის განხორციელებისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა დასკვნასა და მასალას.

ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, ეს იქნება კაშხლის მშენებლობა თუ სხვა, არ დაიწყება, ვიდრე არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ამ ხეობას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები უკვე ხუთ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.