კომპანია ENKA-ში აცხადებენ, რომ სოფელ მოლეკურაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კომპანია ამ დროისთვის სამუშაოებს არ აწარმოებს
კომპანია ENKA-ში აცხადებენ, რომ სოფელ მოლეკურაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კომპანია ამ დროისთვის სამუშაოებს არ აწარმოებს

კომპანია ENKA რიონის ხეობაში სოფელ მოლეკურაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტს ეხმაურება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მომენტისთვის კონკრეტულ საპროექტო მონაკვეთში კომპანიის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება.

„მიმდებარე ტერიტორიაზე (ზედა ბიეფში) სამომავლოდ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა. მშენებლობამდე კი ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს აქტიურ მოძრაობაში მყოფი ზედაპირული მეწყერის ხელოვნურად ჩამოშლას. ეს კი სამომავლოდ თავიდან აგვარიდებს მსგავს საფრთხეებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ENKA-ს დეტალურად აქვს შესწავლილი ხეობის ფონური გარემო, მიზანშეწონილად მიაჩნდა გაწმენდითი და გეგმიური პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. ეს კომპანიამ პროექტის მოწინააღმდეგეებთანაც არაერთხელ გააჟღერა, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმეთვიანმა აქტიურმა საპროტესტო აქციებმა ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა.

ENKA-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შესთავაზა გაწმენდით სამუშაოებში დახმარება. კომპანიას აქამდეც არაერთხელ გამოუყვია საკუთარი რესურსები მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების მიხედვით და ახლაც გვერდში უდგას ხეობას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სოფელ მოლეკურასთან მეწყერი დღეს ჩამოწვა. ადგილზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.