კომპანია „ენგადის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
კომპანია „ენგადის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა

„მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. მარგებელი ჰოლდინგის განცხადებით, სადისტრიბუციო პროცესი სრულად არის აღდგენილი.

„ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და პროცესი ლოგიკურად დასრულდა. სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას. ამ შეთანხმების პროცესში არ ჩართულა არც ერთი მესამე მხარე. შესაბამისად, ყველაფერი მორიგებული და დამთავრებულია. პირობებზე მიმდინარეობდა  მსჯელობა. შევეცადეთ მათი პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესებას როგორც სახელფასო, ასევე შრომითი პირობების. საუბარია ორივე, თბილისის და ქუთაისის ოფისებზე. ხელფასების ზრდა უკვე დაფიქსირებულია. არც ერთი თანამშრომელი არ არის გაშვებული სამსახურიდან“ – განაცხადა „მარგებელი ჰოლდინგის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ჭკუასელმა.

კომპანიის ერთ-ერთი დისტრიბუტორი ამბობს, კომპანიის მხრიდან შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ ნაბიჯების გადადგმა კარგი მიდგომაა.

„ხელფასები გახადეს 900 ლარი და ბონუსური სისტემა შეუცვლელი დარჩა, მაგრამ გვითხრეს, უნდა გადაიხედოს და შევცვლითო. რაც შეეხება სამუშაო პირობებს, თავიდან გაჭირდება, გაფიცულები რომ ვიყავით მაღაზიები ცარიელი არის და მაქსიმალური დატვირთვით ვიქნებით, შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, პირველი კვირა გაგვიჭირდებაო. ვნახოთ, პირობები როგორ გაუმჯობესდება. ახალი უფროსები გაგვეცნენ, კადრების ცვლილება იქნება. გვითხრეს, რომ ყოველთვე შედგება გასაუბრება, რომ გავიგოთ პრობლემები და გამოვასწოროთო, რაც კარგი მიდგომაა“, – განაცხადა ცოტნე კიკვილაშვილმა.