კომპანია „ელმავალმშენებლის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სახელფასო დავალიანების პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება
კომპანია „ელმავალმშენებლის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სახელფასო დავალიანების პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება

870 თანამშრომლის მიმართ დავალიანების პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება, – ასე პასუხობს თანამშრომლებს სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ პერსონალისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თეა თურქია.

მისი განმარტებით, დავალიანების საერთო მოცულობა მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს. როგორც თურქიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დავალიანებას ქარხანა სხვადასხვა კონტრაქტიდან მიღებული შემოსავლების შედეგად აანაზღაურებს.

ხელფასების გაუცემლობის მიზეზად ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქარხნის ბიუჯეტში თანხების არარსებობას და შეკვეთების სიმცირეს ასახელებს.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს. მათ ადმინისტრაციისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებაც მოითხოვეს. პროტესტს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა ქარხნის ადმინისტრაციას მათი პირობების შესასრულებლად ვადა თვის ბოლომდე მისცეს.